top of page

უკანონო შემოწირულება


აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, არჩევნებში მონაწილე პარტიას: "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის", 7 აგვისტოს კომპანია თამ მენეჯმენტმა 50 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის 50%-ის მფლობელი რეესტრის ბოლო ამონაწერით, ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია LGSN B.V.,-ია. ის პარტიის ყველაზე მსხვილი შემწირველია.



იურისტების შეფასებით, ეს შემოწირულება უკანონოა, ვინაიდან ივლისიდან კანონში შევიდა ცვლილება და უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიების ან უცხოეთის მოქალაქეების მონაწილებით დაფუძნებულ იურიდიულ პირებს საარჩევნო შეწირულების გაკეთების უფლება აღარ აქვთ.



"სამართლიანი არჩევნების" იურისტი ნინო რიჟამაძე განმარტავს:


"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემოწირულების განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

იმ იურიდიულ პირს, რომლის დამფუძნებელი ან მეწილე-პარტნიორი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, საქართველოში პოლიტიკური პარტიების /კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ შემოწირულების უფლება არ აქვთ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ ეს ოქმი 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა აუდიტის სამსახური დროში შეზღუდული არ არის, როდის გამოსცეს აქტი. უკანონო შემოწირულობის შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში დროული და ეფექტური რეაგირება სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეაგირება უნდა იყოს დროული, ნიშნავს იმას, რომ თუ სახეზეა უკანონო შემოწირულება, საარჩევნო სუბიექტმა ვერ უნდა შეძლოს დაუსაბუთებელი და უკანონო შემოწირულობის ხარჯვა, რომ გავლენა ვერ მოახდინოს არჩევნებზე."


სიციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა გვითხრა, რომ ეს საკითხი უკვე გაირკვა და შემწირველს ფული უკან დაუბრუნდა.



ჩვენ დავუკავშირდით შემწირველი კომპანიის 50%-ის მფლობელს პანტიკო თოდრიასაც, მან კითხვის მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა და განმეორებით ზარს აღარ უპასუხა:




კითხვებით მივმართეთ აუდიტის სამსახუსაც. მათი განმარტებით: "ამ ქეისის შესახებ, ანუ ამ შემოწირულების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვისაც არის ცნობილი. იქიდან გამომდინარე, რომ აუდიტის სამსახურმა ჩათვალა, რომ ეს იყო უკანონო შემოწირულება, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კომპანიის დაჯარიმება."


ჟურნალისტური დეტექტორი "კავშირები" განაგრძობს ამ საქმის დანარჩენი დეტალების გარკევვას.




bottom of page