როგორ „აქრობს“ სტატისტიკა სიღარიბეს? ორი რეალობა საქართველოში
- მარიამ ჯიბუტი
- 2 days ago
- 2 min read

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ოფიციალური განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი რეკორდულად შემცირდა. წარმოდგენილი ციფრები მართლაც მასშტაბურ ცვლილებებზე მიუთითებს: საქსტატის მონაცემებით, თუ 2012 წელს მოსახლეობის 30% (1.1 მილიონზე მეტი ადამიანი) სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრამდე - 9.4%-მდე შემცირდა (350 ათასზე ნაკლები ადამიანი).
მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა, ჩნდება კითხვა: რატომ არის ასეთი მკვეთრი აცდენა სტატისტიკურ ციფრებსა და მოსახლეობის რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შორის?
მიზეზი გაანგარიშების სისტემაშია. საქართველოში სიღარიბის შესაფასებლად ორი განსხვავებული მიდგომა გამოიყენება, რომლებიც სრულიად განსხვავებულ სურათს აჩვენებენ.
აბსოლუტური სიღარიბე - ფიზიკური გადარჩენის მინიმუმი
ოფიციალური სტატისტიკა სწორედ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს ეყრდნობა. საქსტატი ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს.
ეს მოდელი შემდეგნაირად მუშაობს: დგინდება ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის საჭირო მინიმალური კილოკალორიების რაოდენობა, ითვლება მისი ფულადი ღირებულება და მიღებული ციფრი დარდება რეალურ ხარჯებთან. თუ ხარჯები ამ მინიმალურ კალორიულ ზღვარს თუნდაც მცირედით აღემატება, სტატისტიკურად მიიჩნევა, რომ ეს ოჯახი/ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღარ იმყოფება.
რატომ არის პრობლემური ეს გაანგარიშება?
ეს მეთოდი ითვლის მხოლოდ ბიოლოგიურ გადარჩენას და საერთოდ არ ითვალისწინებს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა:
ბინის ქირა
ექიმის მომსახურება და მკურნალობა (მედიკამენტების გარდა)
საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა
ტრანსპორტი სოფლის მეურნეობაში
რიტუალური ხარჯები (ქორწილი, ქელეხი და ა.შ.)
გამოდის, რომ თუ ადამიანი, მთელ თავის ფულს ქირაში ან მკურნალობაში ხარჯავს, შეიძლება სტატისტიკურად „არა-ღარიბად“ ჩაითვალოს, თუ მას კალორიების შესაძენი თანხა რჩება.
ეს მოდელი, საქართველოს გარდა, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ.) გამოიყენება.

ფარდობითი სიღარიბე - სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებელი
ევროკავშირის ქვეყნები სიღარიბის შესასწავლად მრავალგანზომილებიან მეთოდოლოგიას (AROPE) იყენებენ, რომელიც მხოლოდ კალორიების ღირებულებით არ შემოიფარგლება და განსაზღვრავს, აქვს თუ არა ადამიანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა. ამ მიდგომას ფარდობითი სიღარიბე ეწოდება - ის იღებს ქვეყანაში მოხმარების შუა ნიშნულს (მედიანას) და ამბობს: ვინც ამ მედიანის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს, ღარიბია.
მაშინ როდესაც აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება, ფარდობითი სიღარიბის დონე თითქმის უცვლელი რჩება. 2012 წლიდან 2024 წლამდე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.5%-ით შემცირდა. დღეისათვის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეხუთედი (18.9%) ფარდობითად ღარიბია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ წვდომა იმ მინიმალურ სოციო-ეკონომიკურ სიკეთეებზე, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის არის ხელმისაწვდომი.

სად არიან და როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები?
თუკი სტატისტიკა ამბობს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 9.4%-ია ღარიბი, რეალური კვლევები სულ სხვა რამეს აჩვენებს:
1. საარსებო შემწეობის რიგები
2024 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მოსახლეობის 32.7% (1,210,000 ადამიანი) იყო რეგისტრირებული. აქედან:
18.1% (670,000 ადამიანი) რეალურად იღებს შემწეობას.
14.6% (540,000 ადამიანი) კი „მოლოდინის ან უარის“ რეჟიმშია. ეს ის ხალხია, ვინც სახელმწიფოს მკაცრი ფილტრით „საკმარისად ღარიბი“ არ აღმოჩნდა დახმარებისთვის, თუმცა თვლის, რომ დამოუკიდებლად თავის რჩენა არ შეუძლია.
2. კავკასიის ბარომეტრის მიერ გამოვლენილი ხელმისაწვდომობა
2024 წლის „კავკასიის ბარომეტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები დამატებით ინფორმაციას გვაწვდის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის შესახებ:
გამოკითხულთა 45%-ს ბოლო ერთ წელში ჰქონია შემთხვევა, როცა საკვების საყიდლად ფული საერთოდ არ ჰქონდა.
გამოკითხულთა 40%-ს კი ბოლო 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც მოუწია ფულის სესხება საჭმლის საყიდლად.


შეჯამება: რატომაა ეს მომგებიანი სახელმწიფოსთვის?
ხელოვნურად დაბალი სიღარიბის ზღვრის დაწესება (რომელიც მხოლოდ კალორიების დათვლაზეა ორიენტირებული) ორ მიზანს ემსახურება:
პოლიტიკური იმიჯი: ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ სიღარიბე თითქმის დაამარცხა.
ეკონომია ბიუჯეტზე: რაც უფრო დაბალია ზღვარი, მით უფრო ნაკლებ ადამიანს მიენიჭება „ღარიბის სტატუსი“ და სახელმწიფო უფრო ნაკლებ ფულს დახარჯავს სოციალურ შემწეობებზე.
სანამ უკრაინა და მოლდოვა აქტიურად ცდილობენ ევროკავშირის უფრო პროგრესულ და მრავალგანზომილებიან მეთოდოლოგიაზე (AROPE) გადასვლას, საქართველო კვლავ ძველ მოდელზე რჩება. შედეგად კი ვიღებთ რეალობას, სადაც ქაღალდზე სიღარიბე მცირდება, რეალურ ცხოვრებაში კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია.





Comments