არჩევნებამდე და შემდეგ: როგორ იცვლება პროპაგანდა
- Kavshirebi Editor
- 4 days ago
- 3 min read
Updated: 6 hours ago

არჩევნების დასრულება არ ნიშნავს პროპაგანდის დასრულებას - ის უბრალოდ ფორმას იცვლის. ჩვენ შევადარეთ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება და პოსტ-საარჩევნო 'მშვიდი' პერიოდი, რათა დაგვენახა, რომელი გზავნილები რჩება სისტემის არსენალში მაშინ კი, როცა ხმებისთვის ბრძოლა მინელებულია.
მრავალმა წინასაარჩევნო ნარატივმა არჩევნების შემდეგ მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ ერთი - ანტიდასავლური რიტორიკა - კვლავ ვრცელდება. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ეს რიტორიკა ხელისუფლებისთვის მხოლოდ საარჩევნო ინსტრუმენტი კი არ არის, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიაა.
4 ოქტომბრის არჩევნებამდე და შემდეგ - პრო-სამთავრობო გზავნილების გავრცელება არ შეწყვეტილა, თუმცა სტრატეგია შეიცვალა.
კოორდინირებული ნარატივები წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალური ინტენსივობით ვრცელდებოდა, გამარჯვების შემდეგ სურათი გარდაიქმნა, თუმცა არა მთლიანად. ზოგი ნარატივი გაქრა, ზოგი შემცირდა, ერთი კი ხელუხლებელი დარჩა.
ამ დასკვნას ორი თანაბარი პერიოდის შედარება ეფუძნება: 2025 წლის სექტემბერი-ოქტომბერი და 2026 წლის იანვარი-თებერვალი.
მონიტორინგმა დააფიქსირა, რომ კოორდინირებული სახით ექვსი ძირითადი ნარატივი ვრცელდებოდა: ანტიდასავლური, ოპოზიციის დელეგიტიმაცია, მთავრობის წარმატება, არჩევნების ლეგიტიმურობა / სახელმწიფო რეფორმები, ისტორიული რევიზიონიზმი და ევროსკეპტიციზმი.
ჩვენ 11 მედიასაშუალების ათასობით პრო-სამთავრობო გზავნილის გამავრცელებელი პოსტი შევისწავლეთ. ერთმანეთს შევადარეთ 2025 წლის სექტემბერი-ოქტომბრის და 2026 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემები. კვლევის ობიექტად მხოლოდ ის გზავნილები ავიღეთ, რომლებიც კოორდინირებული სახით, თითქმის სინქრონულად ვრცელდებოდა.
კოორდინირებული ჯგუფების საერთო რაოდენობა 3 219-დან 2 024-მდე შემცირდა. თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირული სურათია, ნარატივების მიხედვით ჩაშლა სულ სხვა დინამიკას ავლენს.
ანტიდასავლური რიტორიკა: ერთადერთი, რომელიც არ სუსტდება
ექვსი ნარატივიდან ხუთი 2026 წელს ნაკლები ინტენსივობით გავრცელდა. გამონაკლისია მხოლოდ ერთია: ანტიდასავლური ნარატივი.
ამ ნარატივს ორივე საანგარიშო პერიოდში 11-დან საშუალოდ 10 არხი ავრცელებდა, კოორდინირებული პოსტების რაოდენობა კი 851-დან 854-მდე გაიზარდა.
თუ 2025 წელს აქცენტი კონკრეტულ ორგანიზაციებზე (USAID, NED) კეთდებოდა, 2026 წელს აქცენტმა იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე გადაინაცვლა: საუბრობენ "ევროპის სისუსტესა" და "მორალურ დაკნინებაზე".
ოთხი ნარატივი, რომელიც შემცირდა
ოპოზიციის დელეგიტიმაცია: ყველაზე მკვეთრად შემცირდა: 11-დან 9 საშუალო არხამდე, კოორდინირებული პოსტები კი - 1 045-დან 403-მდე. ტერმინოლოგია უცვლელი დარჩა: „ორკები", „მოღალატეები", „უცხოური აგენტები", თუმცა მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ახსნა, სავარაუდოდ, ისაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის კრიმინალიზაცია უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა, გამარჯვების შემდეგ კი ეს ფუნქცია ნაწილობრივ ამოიწურა.
არჩევნების ლეგიტიმურობა/სახელმწიფო რეფორმები:
ყველაზე მკვეთრი ვარდნა ინტენსივობით: 10-დან 7-მდე. კოორდინირებული პოსტები 567-დან 131-მდე. ეს ნარატივი სრულად იყო მიბმული კალენდარულ თარიღზე და ამიტომ იანვარი-თებერვალში „4 ოქტომბრის ლეგიტიმურობის" ელემენტი გაქრა. 2026 წელს ამ კატეგორიის შედარებით მცირე ნარჩენი, სახელმწიფო რეფორმების გამართლება, გარკვეულ ინტენსივობას მაინც ინარჩუნებდა.
მთავრობის წარმატება: 10-დან 9-მდე ჩამოვიდა - შედარებით ზომიერი ცვლილება. კოორდინირებული პოსტები 546-დან 478-მდე შემცირდა. ეს ნარატივი ორივე პერიოდში სტაბილური დარჩა, თუმცა შინაარსი 2026 წელს უფრო კონკრეტული გახდა: ზოგადი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, Eagle Hills-ის $6.6 მილიარდიანი ინვესტიციის მაგვარი კონკრეტული პროექტები დომინირებდა.
ისტორიული რევიზიონიზმი: 7-დან 5-მდე შემცირდა. ეს ნარატივი წარსულის მიზანმიმართულ გახსენებას გულისხმობდა დღევანდელი პოლიტიკური მიზნებისთვის - კონკრეტულად, 2004-2012 წლების ნაციონალური მოძრაობის მმართველობის კრიმინალიზაციას: საგამოძიებო კომისიის დასკვნებს წამებასა და ძალადობაზე. 2025 წელს ეს პირდაპირ ოპოზიციის წინასაარჩევნო დისკრედიტაციას ემსახურებოდა. გამარჯვების შემდეგ ამ ნარატივის ფუნქცია მეტ-ნაკლებად ამოიწურა.
ევროსკეპტიციზმი: ყველაზე დაბალი ინტენსივობით, მაგრამ სტრუქტურულად მნიშვნელოვანი
ევროსკეპტიციზმი ორივე პერიოდში ყველაზე დაბალი ინტენსივობის ნარატივია - 6-დან 5-მდე. თუმცა მისი ფუნქცია ანტიდასავლური ნარატივის კვება იყო: LGBTQ თემატიკა,
ეროვნული იდენტობის საფრთხე, „ევროპის მორალური დაკნინება" - ეს ელემენტები 2026 წელს ანტიდასავლური ნარატივის შემადგენელ ნაწილად გარდაიქმნა.
სამთავრობო პროპაგანდის მანქანა ორ რეჟიმში მუშაობს:
არჩევნებამდე: მიზანი ამომრჩევლის შეშინება და ოპოზიციის დისკრედიტაციაა.
არჩევნების შემდეგ: მიზანი მიღებული მანდატების გამართლება და ნებისმიერი კრიტიკის "ანტიეროვნულ" ჩარჩოში მოქცევაა.
საზოგადოება სულ უფრო მეტად კარგავს წვდომას ალტერნატიულ აზრზე, რადგან ნებისმიერი კრიტიკა ავტომატურად "ქვეყნის მტრობად" ფასდება.
დასკვნა
მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს სისტემა ადაპტირდება.
ნარატივები იცვლება პოლიტიკური კალენდრის შესაბამისად, მაგრამ ბირთვი ხელშეუხებელი რჩება.
ორი ნარატივი განსაკუთრებით გამოირჩევა სტაბილურობით: ანტიდასავლური, რომელიც 2 თვის განმავლობაში ყველა ნარატივს შორის ერთადერთია, რომლის ინტენსივობაც არ შემცირებულა, და მთავრობის წარმატება, რომელიც მუდმივი ლეგიტიმაციის ფუნქციას ასრულებს.
2026 წლის სტრუქტურა ასახავს „მანდატის" ფაზის ლოგიკას: კონტროვერსიული გადაწყვეტილებები მედიისგან გამართლებას წინასწარ იღებს. ნებისმიერი კრიტიკა ავტომატურად „ქვეყნის მტრის" ჩარჩოში ექცევა, ხოლო საზოგადოება სულ უფრო მეტად კარგავს წვდომას ალტერნატიულ ინფორმაციაზე.





Comments