top of page

პროკურისტი პროკურორის მოადგილე


გიორგი გოგაძე

გიორგი გოგაძე


გიორგი გოგაძემ, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, ქონებრივი დეკლარაცია უკვე ოთხჯერ შეავსო,  თუმცა შპს “კაპიტალინვესტ ჯგუფი” სადაც ის პროკურისტია, არცერთ დეკლარაციაში არ  შეუტანია.

მოხელის სამაგიდო ლექსიკონის მიხედვით:

პროკურისტი არის პირი, რომელსაც გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) აქვს, ასევე, არის სავაჭრო საწარმოს რწმუნებული, რომელსაც დიდი უფლებამოსილება აქვს გარიგების დადების დროს. 

2008 წლის 5 მაისს რეგისტრირებულ შპს “კაპიტალინვესტ ჯგუფში” გიორგი გოგაძე ჯერ წარმომადგენლის პოსტს იკავებდა, 2010 წლის 6 ივლისს განხორციელებული ცვლილების შემდეგ კი, საჯარო ამონაწერის მიხედვით, მას კომპანიაში პროკურისტის პოსტი უკავია.

kapital_invest

ჩვენ გენერალურ პროკურატურას წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ, რატომ არ არის აღნიშნული ფაქტი გიორგი გოგაძის დეკლარაციაში ასახული. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

ამავე შეკითხვით ჩვენ საჯარო სამსახურის ბიუროსაც მივმართეთ და ვკითხეთ, კერძო კომპანიაში დაკავებული ამ თანამდებობით, ირღვევა თუ არა კანონი?

ლევან ყოლბაიამ, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა განგვიმარტა, რომ კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ უკრძალავს თანამდებობის პირს და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირს სამეწარმეო სუბიექტში თანამდებობის დაკავებას და ანაზღაურების მიღებას და რომ ეს არის შეუთავსებადი საქმიანობა. ამავდროულად, “ყველა საჯრო პირი ვალდებულია მისი შემოსავალი და ქონებრივი მდგომარეობა შეიტანოს ქონებრივ დეკლარაციაში, მათ შორის ამ შემთხვევაში პროკურორის მოადგილე.”

  შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა რეესტრის მონაცემებით, ვადაგასული დავალიანების გამო შპს “კაპიტალინვესტ ჯგუფის” ქონება დაყადაღებულია.

ეს კომპანია არც მთავარი პროკურორის მოადგილის ბიოგრაფიაშია მითითებული.

94 views0 comments
bottom of page