top of page

არჩევნების ვიდეოთეკა

Updated: Apr 29, 2022



2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველი ტურის დროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე პირველად დადგა ვიდეოკამერები და ხმის დათვლის პროცესი გადაიღო.


ჟურნალისტური დეტექტორი "კავშირების" ინიციატივით გამომძიებელმა ჟურნალისტებმა წამოიწყეს კოლაბორაციული პროექტი "აი, ფაქტთან" ერთად. რეპორტიორებმა ათობით უბნის, მათ შორის აზერბაიჯანულენოვანი უბნების მრავალსაათიან ჩანაწერებს დეტალურად უყურეს.

 

როდესაც არჩევნების შედეგებს ამოწმებ და ხედავ, რომ ისანში მეორე უბანზე ოქმში შეცდომა 1098 ხმაა, იცი, რომ აქ პირველი ტურის დათვლის დროს გადაღებული კადრები გაქვს, შეგიძლია ჩართო და ნახო, რანაირად შეეშალა კომისიის 17 წევრს ანგარიშისას 1098 ხმა?


მაგრამ აღმოჩნდა რომ ვერაფერიც ვერ ვნახეთ... ისნის მეორე უბნის ვიდეოფოლდერი ცარიელი დაგვხვდა.



რადგან ისნის უბანზე ვერაფერს გავხდით, ავარჩიეთ მეორე, ასევე პრობლემური ვაკის #77 უბანი, სადაც ოქმში 51-ით მეტი ბიულეტენია დათვლილი, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც რეალურად მივიდა ამ უბანზე.


ეს ვიდეო ატვირთული დაგვხვდა და დავიწყეთ მისი დეტალური შესწავლა.


პირველი რაც შევნიშნეთ, კამერა იმდენად შორს იდგა, რომ საერთოდ არ ჩანდა, რა იყო შემოხაზული ბიულეტენზე და თავად ბიულეტენის ფერიც ძალიან რთულად გაირჩეოდა.


ხმების დასათვლელად ერთადერთი გზა დარჩა - გვენახა ვიდეო და მოგვესმინა, რას ამბობდა პირველი მთვლელი. იგი ბიულეტენზე შემოხაზული სუბიექტის ნომერს ასახელებდა, თუმცა არ ამბობდა ხელში პროპორციულის (მწვანე), მაჟორიტარის (ნარინჯისფერი), თუ მერის (ყვითელი) ასარჩევი ბიულეტენი ეჭირა. ამასთან, შორ დისტანციაზე ბიულეტენის ფერიც განსხვავებულად აღიქმებოდა. მაგალითად ყვითელი - თეთრად ჩანდა. გამომდინარე იქიდან, რომ თეთრი ბიულეტენი ამ არჩევნებზე არ გამოიყენებოდა, ამიტომ, მათ მონაცემს მერობის კანდიდატების ყვითელ გრაფებს ვაკუთვნებდით. ასეთი მეთოდით ნელა, მაგრამ მაინც ყველა ხმა დავითვალეთ.


ცხრილი გრძელი გამოვიდა:

2-77
.xlsx
Download XLSX • 28KB

ჩვენი შედეგები მეტ-ნაკლებად დაემთხვა მთვლელების შედეგებს, მცირე ცდომილება, შესაძლოა უხარისხო ჩანაწერით იყო გამოწვეული, ზოგჯერ კარგად არ ისმოდა, რა იყო შემოხაზული. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა განსხვავება ბათილი ბიულეტენების ნაწილში. იმავე 77-ე უბანზე ჩვენ 22 დავთვალეთ, ოქმში კი 75 წერია.



ამ უბანზე ვიდეოს გამორთვა დაავიწყდათ და კადრში (02:31:08) ჩანს, რომ ამ უბნის მდივანი ხელს კიდებს მწვანე, ანუ პროპორციული ბათილი ბიულეტენების დასტას და ამბობს: "გაფუჭებული (ბათილი) - 23"... გამოდის რომ, იგი ამბობს ერთს, ოქმში კი სხვა მონაცმები შეაქვს "75".



უბნის კომისიის თავმჯდომარემ, სატელეფონო საუბრისას, გვითხრა, რომ მდივანი უბრალოდ შეცდა და 23-ის ნაცვლად 77 უნებლიედ ჩაწერა.














ყველაზე მეტად გვაინტერესებდა სხვადასხვა უბნის ვიდეოჩანაწერებში გვენახა, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ კომისიის წევრები და დამკვირვებლები ოქმის შედგენას. სკურპულოზულად ამოწმებდნენ თუ არა რიცხვების ჯამს მანამდე, სანამ ოქმს მოაწერდნენ ხელს.


77-ე უბანზე კომისიის მდივნის მაგიდა კადრს მიღმა იდგა და ფაქტობრივად არაფერი ჩანდა, სამაგიეროდ ჩანს, რომ მთვლელებს ოქმზე ხელის მოწერა დაავიწყდათ და მათ კომისიის თავმჯდომარე უკან აბრუნებს:



დანარჩენი უბნების უმეტესობაზე კომისიის წევრებმა კამერები ოქმის შედგენამდე გამორთეს. ზოგიერთი უბნის ჩანაწერში ისმის იმ მითითების შეხსენება, რაც მათ ტრენინგზე მიიღეს, რომ კამერა ბიულეტენების დალუქვისთანავე უნდა გამორთონ და დანარჩენი პროცედურების გადაღება საჭირო აღარ არის. ოქმი, როგორც წესი, ამის შემდეგ იწერება.



გავარკვიეთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მართლაც მიუთითა კამერის ოპერატორებად დატრენინგებულ კომისიის წევრებს, რომ ვიდეოგადაღება ბიულეტენების დათვლის დასრულებისთანავე უნდა შეეწყვიტათ.


ბიულეტენების დათვლის ეტაპის დასრულებად ითვლება მომენტი, როდესაც კონვერტებიდან ამოღებულ ხმები მაგიდაზე პარტიებისა და კანდიდატების ნომრების მიხედვით ათ-ათად შეკრულ, დასტეპლერებულ დასტებად აწყვია. შემდეგი ეტაპია, მათი კონვერტებში გადატანა და დალუქვა >>> Camera off. გამომდინარე აქედან, I ტურის ოქმების შედგენის მომენტები, ცესკოს მითითებით, ამჯერად დაუფიქსირებეული დარჩა.



ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვიდეოგადაღების წესებისთვის სპეციალური დადგენილება შეიმუშავა. ამ დოკუმენტში მართლაც წერია, რომ გადაღება ოქმის შედგენამდე უნდა შეწყდეს:



იმის გამო, რომ ოქმების შედგენა გადაღებული არ არის - სრულყოფილი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ და რატომ იწერება დაუბალნასებელი შემაჯამებელი ოქმები, ცესკოს ვიდეოინიციატივის მიუხედავად, კვლავ რთულია.


საარჩევნო უბნების ვიდეოგადაღებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, კომისიის წევრი ალეკო ელისაშვილის პარტიიდან ივანე ნორაკიძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, კამერებით ოქმის შედგენის პროცესი იმიტომ არ გადაიღეს, რომ რესურსები დაეზოგათ. როგორც იგი ხსნის, ოქმის შედგენა ზოგჯერ 5-6 საათის განმავლობაში იწელება და ამდენი ვიდეომასალის ვებგვერდზე ატვირთვას დიდი დრო დასჭირდებოდა.


რა რესურსი ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გადასაღებად?


კამერები



საარჩევნო ადმინისტრაციის 27 აგვისტოს პრესრელიზის მიხედვით ცესკოს, ხმის დათვლის გადასაღებად, 3 700 -მდე ასეთი სამხრე ვიდეოკამერა „ქართულმა ოცნებამ” გადასცა.


გადაღებული მასალა Google -ის სერვერზე აიტვირთა. ამ რაოდენობის ფაილების ასატვირთად დიდი ადამიანური რესურსია საჭირო, ამიტომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მემორანდუმი გააფორმა თსუ-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, რომელსთა სტუდენტებმაც, ანზღაურების სანაცვლოდ, უბნებზე გადაღებული კადრები Google Drive-ზე ატვირთეს. ამ დროისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციას გადაღებული და გასაჯაროვებული აქვს როგორც საარჩევნო უბნების, ასევე ოლქებში ხმების გადათვლის ამსახველი ვიდეომასალა.


Google Drive-ზე ატვირთული ვიდეოფაილები დაახლოებით 9TB მოცულობისაა.




ოქმების შევსების მომენტების გარდა კიდევ რა არ გადაიღო ცესკო-მ?


ცესკომ არ გადაიღო 3743 უბნიდან 877 უბანი.


აქედან:

  • 398 უბანი არ გადაიღო, რადგან ამ უბნებზე 300-ზე ნაკლები ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და ასეთი უბნების გადაღება დადგენილებით არ იყო გათვალისწინებული.

  • 79 უბანი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადაიღო, რადგან ისინი COVID და სპეცუბნები იყო და ასეთი უბნების გადაღებასაც იგივე დადგენილება არ ითვალისწინებდა.


თითოეული საქაღალდე შედგება უბნების ქვე-საქაღალდეებისგან, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში კიდევ რამდენიმე დაქვემდებარებული საქაღალდე აქვს დამატებული, სადაც უბნებზე გადაღებული კადრები რამდენიმე ფაილადაა ატვირთული:



ამ დოკუმენტაციას თან ახლავს საქაღალდეებში განხორციელებული ცვლილებების ისტორია, სადაც ვნახეთ, რომ უბნების ჩანაწერების ფოლდერიდან ასობით ფაილია წაშლილი. მაგალითად:



ჩვენს მიერ ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელმა კახა ჟამურაშილმა ფოლდერში კიდევ 6 ვიდეოფაილი ატვირთა.



დადგენილების მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციას ფაილების ასატვირთად მაქსიმუმ 5 დღე ჰქონდა, თუმცა ეს ექვსი ფაილი 12 დღის დაგვიანებით გაასაჯაროვა და ამის შესახებ საჯარო განცხადება აღარ გააკეთა.


ივანე ნორაკიძემ ზუსტად არ იცოდა, რა ფაილები წაიშალა Google Drive -დან, თუმცა ივარაუდა, რომ ეს იყო არასაჭირო ფაილები და ტექნიკურმა პერსონალმა ის სივრცის დაზოგვის მიზნით წაშალა.


რაც შეეხება დაგვიანებით ატვირთულ 6 ფაილს, ივანე ნოარკიძემ ივარაუდა, რომ მათმა ტექნიკოსებმა ბევრი წვალების შემდეგ გარკვეული რაოდენობის ფაილები აღადგინეს და შესაძლოა სწორედ ეს ფაილები იყო დაგვიანებით დამატებული.


კიდევ რა პრობლემები აღმოაჩინეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა უბნების ვიდეოჩანაწერების ყურებისას?


იმ ორი მთავარი პრობლემის გარდა, რომ კადრში ხშირად არ ჩანს, რა არის შემოხაზული ბიულეტენზე, და არ არის გადაღებული შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესი, "კავშრებისა" და "აი, ფაქტის" გამომძებელმა ჟურნალისტებმა ათობით ვიდეოს ყურებისას სხვა პრობლემებიც გამოკვეთეს:

  • ხმების დათვლის პროცესი ქაოტურია, ბევრი ადამიანი უკონტროლოდ და წესების გარეშე კიდებს ხელს ბიულეტენებს. ზოგჯერ მთლიან დასტას იღებს და გადაადგილდება ოთახში. ამ ქაოსის დროს ხმაურია და კამერაში შეუძლებელია გარჩევა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს.

  • ხშირად პირველი მთვლელი არ აცხადებს კონვერტიდან ამოღებული ბიულეტენის მონაცემებს.

  • მდივნის მაგიდა, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იწერება, კამერიდან მოშორებით დგას და ხშირად საერთოდ არ ხვდება კადრში.

  • ვნახეთ რამდენიმე უბანი, სადაც ხმების დათვლის და გადათვლის შემდეგ მონაცემები ვერ დაბალანსდა, მაგრამ უბნის წევრებმა ოქმი ისე შეავსეს, რომ პრობლემა მოუგვარებელი დარჩა.

  • რამდენიმე უბანზე ჩანაწერში ისმის, რომ კომისიის თავმჯდომარე ოქმის ე.წ. შავ ვარიანტს უგზავნის საოლქო კომისიას და იქიდან ელოდება მონაცემების დადასტურებას, მის გადათეთრებამდე.

  • მთვლელებმა ხშირად არ იციან ელემენტარული წესები: რომელი ბიულეტენი ითვლება ბათილად და რომელი არა და ეს უბანზე ქაოტური განხილვების გამომწვევი მიზეზია.

  • საარჩევნო უბნების ნაწილს ხმის დასათვლელი მაგიდის ფართობის პრობლემა აქვთ. ბიულეტენების დასტები ერთმანეთზე ყრია და სივიწროვის გამო, რაღაც ნაწილის, სკამებზე განთავსება უწევთ, სადაც ვერც კამერა და ვერც დამკვირვებელი მკაფიოდ ვერ ხედავს, რა ხდება.

  • კამერის წინ ხშირად დგებიან ადამიანები ზურგით და ფარავენ ხმის დათვლის პროცესს, რასაც ყოველთის არ ეწინააღმდეგებიან ის კომისიის წევრები, რომლების მოვალეობაცაა ვიდეოჩანაწერის ხარისხის კონტროლი.

  • ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხმის დასათვლელი მაგიდა უყურედღებოდ არის მიტოვებული და ზედ ბიულეტენები აწყვია.

  • ზოგჯერ კამერა შეტრიალებულია და სრულიად არაადეკვატური კადრია, მაგალითად 20 წუთის განმავლობაში ჩანს ტუალეტის კარი.


როდის წაიშლება ფაილები?


ამ დროისთვის ცესკოს ვებგვერდზე გასაჯაროვებულია 2 დღის ჩანაწერები:

მეორე ტურის შემდეგ დამატებით აიტვირთება:

  • II ტური - საარჩევნო უბნებზე გადაღებული ვიდეოები

  • II ტური - ოლქებში გადაღებული ხმის დათვლის ვიდეოები

ცესკოს დადგენილების მიხედვით, ამ ფაილების გამოთხოვაზე არ ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი. მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ვიდეომოწყობილობის, ანდა ვიდეოჩანაწერის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოებისთვის. ვებგვერდიდან მათი გადმოტვირთვა საკმაოდ რთულია, ვინაიდან მოცულობა, როგორც აღინიშნა, დღეის მდგომარეობით 9TB-ს აღემატება, რასაც დაემატება II ტურის ვიდეოებიც.


დადგენილების მიხედვით, "ვიდეოჩანაწერები ინტერნეტსივრცეში ატვირთული იქნება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით."


ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ის საკითხი რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დათანხმდა II ტურის დროს შემაჯამებელი ოქმების შედგენის გადაღებას, მაგრამ განაცხადა რომ მაქსიმალურს გააკეთებს სხვა შემჩნეული პრობლემების აღმოსაფხვრელად. მაგალითად, გასცემს უფრო მკაფიო მითითებებს, რომ კონვერტიდან ამოღებული ბიულეტენი პირველმა მთვლელმა კამერასთან უფრო ახლოს მიიტანოს ისე, რომ მკაფიოდ ჩანდეს, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.

bottom of page